ახალი ამბები

2017-12-04 

პროფილაქტიკური სამუშაოები მაღალმთიან რეგიონებში

ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ მაღალმთიან რეგიონებში პროფილაქტიკური სამუშაოები განახორციელა.

გეგმიური სამუშაოები ჩატარდა 35 კვ-იან ეგხ-ზე „იფარი-მესტია“, რომელიც ელექტროენერგიით ამარაგებს მესტიას და მის მიმდებარე დასახლებებს, ასევე 110 კვ-იან ელექტროგადამცემ ხაზზე „ჯახუნდერი-იფარსა“, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ლათბარის უღელტეხილის მიდამოებში გამავალი ხაზის უბნებს. სრულად გაიწმინდა აჭარის მაღალმთიანეთში მდებარე ქვესადგურთან „ბეშუმი-110/35/10“ მისასვლელი გზა, ხოლო ბეშუმის ელექტროგადამცემ ხაზზე ჩატარდა პროფილაქტიკური სამუშაოები. განხორციელდა 110 კვ-იანი ეგხ-ის „დარიალი“ საყრდენებისა და სადენების გეგმიური დათვალიერება. აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზი ელექტროენერგიით ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ამარაგებს.

აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს 35 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „ხუდონი“ სრული რეაბილიტაცია, რომელიც 110 კვ-ის გაბარიტებში იყო აშენებული, თუმცა 35 კვ-ის ძაბვაზე მუშაობდა. „ნენსკრაჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით, საჭირო სიმძლავრის უზრუნველსაყოფად, აუცილებელი გახდა აღნიშნული ხაზის 110 კვ. ძაბვაზე გადაყვანა, რაც ეგხ-ის უბნების რეაბილიტაციას და რეკონსტრუქციას გულისხმობდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სადენის სამონტაჟო სამუშაოები. ელექტროგადამცემი ხაზის „ხუდონი“ სრული რეაბილიტაცია დეკემბრის პირველი ნახევრისთვის დასრულდება.

24799573_796787753841436_3385940196995883224_o.jpg

კომუნიკაცია