საერთაშორისო ურთიერთობები

გეოგრაფიული მდებარეობის გამო, საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს კავკასიის რეგიონში ენერგეტიკულ ინტეგრაციასთან დაკავშირებული ამოცანების გადაჭრის პროცესში, რაც მეზობელ ქვეყნებს შორის ელექტროენერგიის მიმოცვლას გულისხმობს. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ცდილობს კავკასიის რეგიონის ენერგეტიკულ ბაზარზე მნიშვნელოვანი მოთამაშე იყოს. ელექტროენერგეტიკული ბაზრის შემდგომი ინტეგრაციის კუთხით, ჩვენ ვთანამშრომლობთ მეზობელ პარტნიორებთან თურქეთის რესპუბლიკაში, რუსეთის ფედერაციაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, რაც უზრუნველყოფს, როგორც საიმედო და უსაფრთხო ოპერირებას, ელექტროენერგიის ექსპორტს, იმპორტს და ტრანზიტს, ასევე ავარიულ სიტუაციებში ურთიერთდახმარებას.

ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ევროპულ სივრცეში ინტეგრაციისა და მასთან ჰარმონიზაციის კუთხით, ერთის მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას, მის წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, მეორეს მხრივ კი ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს მიერთების შესახებ ოქმის მესამე ენერგეტიკული პაკეტით გათვალისწინებული პირობებისა და მოთხოვნების დაცვით.

ელექტროენერგიის ბაზრის სტრუქტურის ორგანიზებისა და ელექტროენერგიის უსაფრთხო მიწოდების უზრუნველყოფის სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და საქართველოს ენერგეტიკული კანონმდებლობის ევროკავშირის მოთხოვნებთან ჰარმონიზაციის მიზნით, სსე ცდილობს თანამშრომლობა გააღრმავოს მთელი ევროკავშირის მასშტაბით მოქმედ გადამცემი სისტემის ოპერატორებთან.

ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპულ ქსელთან (ENTSO-E) და ვაპირებთ დამკვირვებელი წევრის სტატუსის მოპოვების მიზნით, შესაბამისი განაცხადის გაკეთებას.

საქართველო (სსე) რუსეთის ფედერაციასთან, სომხეთთან და ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ერთად, აქტიურად არის ჩართული ჩრდილოეთი-სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის განვითარების შესაძლებლობების კვლევის პროცესში.

კავშირები მეზობელი ქვეყნების გადამცემ ქსელებთან

ჩვენ ვართ მეზობელი ქვეყნების გადამცემ ქსელებთან შემდეგი კავშირების განხორციელების პროცესში:

საქართველოში აშენდა კავკასიის რეგიონის მასშტაბით უნიკალური ქვესადგური. ეს არის პირველი ელექტროსადგური რეგიონში, სადაც დამონტაჟებულია მუდმივი დენის ჩანართი (HVDC). აღნიშნული ქვესადგური თურქეთის ქვესადგურს ახალციხიდან (საქართველო) ბორჩხამდე (თურქეთი) 400 კვ. ელექტროგადამცემი ხაზით „მესხეთი“უკავშირდება;

საქართველო-თურქეთის ენერგოსისტემების მეორე დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზია 220 კვ. „ბათუმი-ხოფა“, რომელიც მხოლოდ ავარიულ სიტუაციებში, საგანგებო ვითარებაში გამოიყენება;

ხელშეკრულება 400 კვ.დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის თორთუმი(თურქეთი)-ახალციხე (საქართველო)ხაზის მშენებლობაზე „თეიაშ“-ს (თურქეთი -http://www.teias.gov.tr/), სსე-სა და შპს „ენერგოტრანს“-ს (საქართველო -http://energotrans.com.ge/) შორის დამუშავების პროცესშია და უახლოეს მომავალში გაფორმდება.