ელექტროგადაცემის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი

1 (163).jpg

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს შორის 2010 წლის თებერვალში გაფორმებული „ტექნიკური დახმარების ხელშეკრულების“ ფარგლებში მიმდინარე „ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს „ელექტროენერგიის გადაცემის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცის პროექტი“.

პროექტი ითვალისწინებდა სსე-ს საკუთრებაში არსებული მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებისა და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, მათ შორის:

  • არსებული 220 კვ ხაზების „სენაკი-1,2 “-ის და შესაბამისი უჯრედების რეაბილიტაცია /რეკონსტრუქციას ქვესადგურებში „ მენჯი“ და „ წყალტუბო“.
    პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოს შიდა ქსელის ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ჭარბი ელექტროენერგიის ექსპორტის ხელშეწყობას თურქეთსა და სხვა პოტენციურ ბაზრებზე. კერძოდ, 220 კვ. ელექტროგადამცემი ქსელით ელექტროენერგიის გადაცემის სიმძლავრის ზრდას, სამომავლოდ დაგეგმილი ჰესებიდან წარმოებული ელექტროენერგიის გატანას თურქეთსა და აღმოსავლეთ საქართველოში და ფოთის ინდუსტრიული ზონის უწყვეტ მომარაგებას დამატებითი (დაახლ. 100 მვტ) სიმძლავრით.
    გადამცემი ხაზებისა და შესაბამისი ქვესადგურების საბოლოო ტესტირება და ექსპლოატაციაში გაშვება განხორციელდა 2014 წლის ივნისში.
    პროექტის წარმატებით დასრულების შედეგად, გაიზარდა ელექტროგადამცემი ქსელის საიმედოობა, შემცირდა ელექტროენერგიის დანაკარგები და უზრუნველყოფილი იქნა მიწოდების სტაბილური მომსახურება.
  • „ინტელექტუალური ქსელის“, ტრანსფორმატორების დაზიანებათა მონიტორინგის სისტემისა და კომპიუტერული საინჟინრო პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა.
    აღნიშნული კომპონენტი გულისხმობს სსე-ის ქსელში უახლესი ტექნოლოგიური მიღწევებისა და კომპიუტერული საინჟინრო პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვას, რაც გააუმჯობესებს ენერგოსისტემის მართვას, ტრანსფორმატორების დაზიანებათა მონიტორინგის შესაძლებლობებს, ხელს შეუწყობს დაცვის სისტემების ეფექტიანობის ზრდას, გადაცემის ოპერაციათა სტაბილურობას და მეზობელ ქვეყნებთან ელექტროენერგიით ვაჭრობის განვითარებას. ამასთან, გააუმჯობესდება გადაცემის ქსელის ოპერირება, შემცირდება ელექტროენერგიის დანაკარგები და მიწოდების შეფერხების პოტენციური რისკი.
    „ინტელექტუალური ქსელის“ კომპონენტი შედგება შემდეგი ქვე-კომპონენტებისგან:
    • კომპიუტერული საინჟინრო პროგრამული უზრუნველყოფის (CAPE) დანერგვა უკვე სავალდებულო გახდა სსე-ის 500 კვ. ქსელის გაფართოების, მათ შორის, „შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტის“ ფარგლებში, მუდმივი დენის გარდამსახი სადგურის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოების ფონზე. უკვე წარმატებით დანერგილი კომპიუტერული საინჟინრო პროგრამა უზრუნველყოფს მონაცემთა სრული ბაზის ფორმირებას და შესაბამისად, დეტალურ ელექტრულ მოდელირებას; ხელს უწყობს მონაცემთა მართვის, ანალიზისა და სიმულირების ოპერაციების ეფექტურ განხორციელებას; უზრუნველყოფს ქსელში და დაცვის მოწყობილობებში პოტენციური პრობლემების გამოვლენას და ელექტრული სისტემის ალტერნატიული ვარიანტების შეფასებას.
    • ტრანსფორმატორების მონიტორინგის სისტემის (DGA) მოწოდება-მონტაჟი განხორციელდა „ინტელექტუალური ქსელის“ ფარგლებში. აღნიშნული სისტემა ქვესადგურების „ქსანი“, „გარდაბანი“ და „ზესტაფონი“ყველაზე მნიშვნელოვან, 500/220კვ. ტრანსფორმატორებზე 2012/2103 წლებში დამონტაჟდა. DGA სისტემის მომწოდებელი კომპანიაა LumaSense, რომელიც საგარანტიო პერიოდში ზედამხედველობას უწევდა სსე-ს მიერ სისტემის გამოყენებას. ტრანსფორმატორების მონიტორინგის სისტემის საშუალებით ხდება ტრანსფორმატორების ზეთში დაგროვილი გაზის მოცულობის გაზომვა და მონიტორინგისა და ანალიზის ცენტრალურ სისტემაში მონაცემების გადაცემა. აღნიშნული სისტემის საშუალებით, საჭირო ინფორმაციის საფუძველზე, შესაძლებელია აუცილებელი ტექნიკური მომსახურების ღონისძიებების დაგეგმვა, ტრანსფორმატორების ხანგრძლივი გამართული მუშაობისა და საოპერაციო სიმძლავრის უზრუნველსაყოფად.
    • „გაფართოებული ავარიული სიტუაციების მართვის სისტემა“- მ (EECS) უფრო გააფართოვა და ფუნქციურად განაახლა ავარიის საწინააღმდეგო დაცვის ეფექტური სქემა - ავარიული სიტუაციების მართვის სისტემა (ECS). „გაფართოებული ავარიული სიტუაციების მართვის სისტემის“ დახმარებით, სსე ახორციელებს საქართველოს ენერგოსისტემის უფრო ეფექტურ მართვას, ამასთან, მნიშვნელოვნად მცირდება გადამცემი ხაზების დაზიანებისა და სისტემის ჩაქრობის რისკები. ყოველივე ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგოქსელის, როგორც საერთაშორისო ელექტროენერგეტიკული დერეფნის, გამართული მუშაობისათვის.

დაცვისა და მართვის სისტემების რეაბილიტაცია სსე- 10 ქვესადგურში

„ელექტროგადაცემის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის“ ფარგლებში, USAID-მა დააფინანსა დაცვისა და მართვის სისტემების შესყიდვა სსე-ს 10 ქვესადგურისთვის: „ბათუმი- 220/110“, „გლდანი- 220/110“, „ხაშური- 220/110/10“, „გორი- 220/110“, „ქუთაისი- 220/110/10“, „მარნეული- 220/110“, „მენჯი- 220/110/35“, „რუსთავი- 220/110“, „წყალტუბო- 220/110“ და „ზუგდიდი- 220/110“.

მოწყობილობების მოწოდება განახორციელა და სსე-ს აღნიშნული მოწყობილობების მონტაჟსა და ექსპლუატაციაში გაშვებაში დახმარება გაუწია ამერიკულმა კომპანიამ Schweitzer Engineering Laboratories Inc. (SEL). სსე-ს გუნდი უშუალოდ აწარმოებდა სარეაბილიტაციაო სამუშაოებს. ქვესადგურების შეუფერხებელი მუშაობის მიზნით, ფიდერების რეაბილიტაცია ჩატარდა თანმიმდევრობით, ჩერდებოდა მხოლოდ ის ფიდერი, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა.

სამონტაჟო და ექსპლოატაციაში გაშვების ძირითადი სამუშაოები 2015 წლის ივლისში დასრულდა.

ძველი ელექტრო-მექანიკური რელეების ახალი ციფრული ელექტრონული რელეებით შეცვლით, მნიშვნელოვნად შემცირდა გაუმართავი მუშაობის ან/და ავარიული გამორთვების შემთხვევები, ქვესადგურების გამანაწილებელი მოწყობილობის კონტროლი და დისტანციური მართვა შესაძლებელი გახდა ქვესადგურის ცენტრალური სადისპეტჩეროდან და ასევე ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრიდან.

საშუალო ძაბვის გამანაწილებელი მოწყობილობების რეაბილიტაცია სსე- 12 ქვესადგურში და კაბელების გამჭიმი მოწყობილობის შესყიდვა

1 (799).jpg

„ელექტროგადაცემის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის“ ფარგლებში, USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, განხორციელდა 35/10/6კვ გამანაწილებელი მოწყობილობის შესყიდვა სსე-ს კუთვნილი 12 ქვესადგურისთვის: „ბათუმი-220“, „ხაშური-220“, „გორი-220“, „ზესტაფონი-500“, „გარდაბანი-500“, „ქუთაისი-220“, „მარნეული-220“, „მენჯი-220“, „რუსთავი-220“, „წყალტუბო-220“ და „ზუგდიდი-220“. გამანაწილებელი მოწყობილობა ერთი ქვესადგურისთვის („გლდანი-220“) სსე-მ საკუთარი სახსრებით დააფინანსა.

კონტეინერების (E-Houses) მოწოდება, ადგილზე ტრანსპორტირება და ქვესადგურებში განთავსება კომპანიამ Siemens Sanayi ve Ticaret A.S (თურქეთი) უზრუნველყო, ხოლო მათი მონტაჟი, საშუალო ძაბვის სადისტრიბუციო ქსელთან მიერთება, ექსპლუატაციაში გაშვების სამუშაოები და საბოლოო ტესტირება სსე-ს პერსონალის მიერ განხორციელდა. პროექტი წარმატებით დასრულდა 2015 წელს.

აღნიშნულმა სარეაბილიტაციო ღონისძიებებმა მნიშვნელოვნად გაზარდა ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის საიმედოობა, შესაბამისად, მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება უფრო საიმედოდ და უსაფრთხოდ ხორციელდება.

2014 წელს განხორციელდა გამჭიმი მოწყობილობის მოწოდება . აღნიშნული მოწყობილობის საშუალებით, შესაძლებელი გახდა კაბელების, დამიწების კაბელებისა და ოპტიკური დამიწების კაბელების გაჭიმვა. ამჟამად, სსე წარმატებით იყენებს აღნიშნულ მოწყობილობას, როგორც არსებული ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაციისთვის, ასევე ახალი ხაზების სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას.

ელექტროგადაცემის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი

USAID-ის ტექნიკური დახმარების პროგრამამ ხელი შეუწყო გადაცემის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას, ქვეყნის ენერგოქსელის გაფართოებას, მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის განვითარებას, ელექტროენერგიის დანაკარგების შემცირებას და ელექტროენერგიის მიწოდების სტაბილური მომსახურების უზრუნველყოფას. ყოველივე ამან შეამცირა იმპორტის მოცულობა, და გაზარდა თურქეთსა და სხვა ბაზრებზე ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობა.

სურათები

1 (208).jpg1 (265).jpg

დაკავშირებული დოკუმენტები

პროექტის გუნდი

mamuka.jpg

მამუკა შონია

პროექტების დეპარტამენტის უფროსი

ტელ.: +995 32 2 510 202

ელ-ფოსტა: mamuka.shonia@gse.com.ge

Tinatin_Kirkitadze

თინათინ კირკიტაძე

პროექტის კოორდინატორი

ტელ.: +995 32 2 510 202

ელ-ფოსტა: tinatin.kirkitadze@gse.com.ge

პროექტები